tereza14

ამ წუთას ვზივარ ბარში მარტო, ვსვამ წითელ ღვინოს და მესმის: “კაცს 27 ცოლი უნდა ყავდეს, სხვანაირად არ შეიძლება”. საინტერესოა, რატომ უნდა ყავდეს კაცს 27 ცოლი და ქალს ერთი ქმარი. ესეც სექსიზმის ერთ-ერთი გამოხატულება. და მაინც რაში სჭირდება ადამიანს პარტნიორების უსასრულო რაოდენობა? ჩემი აზრით, მსგავსი შეხედულება უდიდესი მარაზმია. არ არის საჭირო გყავდეს ყველა, მთავარია გყავდეს ერთი და კარგი. თუკი ადამიანი საკმარისად ჩამოყალიბებულია საკუთარ თავში, თუკი ადამიანს საკმარისად დალაგებული ცხოვრება აქვს, თუკი ადამიანის ფასეულობები რამდენიმე პროცენტით მაინც სცდება პრიმიტიულ დონეს, ის აუცილებლად მიხვდება, რომ თავისუფლება არ არის “გვქონდეს სექსი ყველასთან და ყველაფერთან”. არ მესმის ჩემს წინ მჯდომი უცნობი პიროვნების, რომელიც სიამაყით აფიქსირებს საკუთარ აზრს და ჰგონია, რომ კაცმა ნებისმიერი კარგი რამ უნდა მიიღოს და არ დაჯერდეს ერთ მთელს. სისულელეა! სწორედ ადამიანია ის ერთი მთელი, რომელიც უნდა დაიმსახურო და მიიღო როგორც სრული სამყარო, რადგან ყოველი ჩვენთაგანი ინდივიდია, რომელშიც იმალება კაცობრიობის საიდუმლოება. აქ არის სწორედ პრობლემაც. რაღაც, რომ მიიღო, უნდა გასცე, მოიპოვო. არაფერი მოდის მუქთად და უმიზეზოდ. ადამიანებს ყოველთვის გვეშინია ჩავდოთ ინვესტიცია, რადგან არ არსებობს გარანტია, რომელიც გეტყვის, რომ აუცილებლად გაგიმართლებს. ადამიანებს ყოველთვის გვენანება დავთმოთ საკუთარი ეგო და პრინციპები, ყოველთვის გვგონია, რომ მეტს ვიმსახურებთ, ყოველთვის ველით, რომ “ყველაფერი საუკეთესო მოულოდნელად ხდება”. მაგრამ არა ჩემო ბატონო. არაფერი ხდება მოულოდნელად თუ სწორ დროს, სწორ ადგილას არ არმოჩნდები. ეს ყველამ ვიცით, მაგრამ გვეზარება გავიგოთ სად არის ეს სწორი დრო და სწორი ადგილი. ამიტომაც ვჯერდებით 27 ცოლს და არ ვცდილობთ, ვიპოვოთ ის, რომელშიც ერთიანდება მთელი ქალთა მოდგომა. 

მე ვიპოვე ის ერთი მთელი. დავდე ფსონი, გავრისკე.. წავაგე.. არ გამიმართლა, რას ვიზამთ და მაინც მგონია, რომ ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი მოგება, ჩემი ყველაზე დიდი ნაბიჯი ცხოვრების გზაზე. და მე არ მჭირდება 27 ცოლი ან ქმარი. მე არ მჭირდება ილუზიური პიროვნებები გვერდით. მე არ მჭირდება ურთიერთობები სარგებლის პრინციპით. მე არ მჭირდება ვიყო ორფეხა ცხოველი, რომელიც ჭამს, სვამს და ძინავს, რომელსაც შიგადაში აქვს სექსუალური კავშირი “უცხოსთან”,  ხშირად წარმოსახვაში. და მე მგონია, რომ “უცნობი” ცდება, როდესაც ამბობს, რომ “კაცს 27 ცოლი უნდა ყავდეს”.