11059347_700849920025297_4765036142990529474_n

როგორც იქნა მოვაღწიე სახლში, დაღლილ-დაქანცული მთქნარება-მთქნარებით ჩავუჯექი ლეპტოპს და ფბს “სქროლვა” დავიწყე საინტერესო პოსტმაც არ დააყოვნა. 24-25-26 აპრილი სალაშქრო სეზონის გახსნაა, რომელსაც ორგანიზებას ტრადიციულად მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაცია, საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია და სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო გაუწევს. მე კი  გირჩევთ მკითხველო, ყველა საქმე გადადოთ და აუცილებლად წახვიდეთ. 2014 წელს ანუ შარშან სეზონის გახსნა კიკეთში ჩატარდა. მიუხედავად იმისა, რომ რაღაც მიზეზებისდა გამო აბსოლიტური სიამოვნება ვერ მივიღე, ეს დღეები არასოდეს დამავიწყდება. მომიწია დილაუთენია ადგომა, თბილისში ჩამოსვლა, ღამე უკან აბრუნება და საბოლოო ჯამში ცუდ საძილე ტომარაშიც ჩავწექი და გავიყინე. როგორც ემოციურმა და მტირალმა გოგომ ცოტა ცრემლებიც გადმოვყარე, თუმცა ბევრიც ვიცინე. ყველაფერს აქვს თავისი უარყოფითი, მაგრამ შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ის მინუსებიც , როგორც იტყვიან ტკბილი მოგონებებია. ძალიან მაგარია, როცა უბრალოდ შეგიძლია მოწყდე ქალაქურ აურზაურს და თავს მისცე სრული დასვენების უფლება, გაიცნო ახალი ხალხი, იმღერო, იცეკვო ან უბრალოდ დატკბე ბუნებით. არ არის საჭირო, საქართველო გქონდეს მოვლილი. არ არის საჭირო, მოლაშქრე მეგობრები გყავდეს. არ არის საჭირო ეგრედწოდებული “პაძელნიკი”. მთავარია სურვილი და იმის გააზრება, რომ ლაშქრობაში არ არსებობს უცხო და უცნობი. მე შეიძლება არ ვყოფილვარ ბევრ ადგილას, მაგრამ მაინც და მაინც არც ცოტა მაქვს ნანახი და ვცდილობდი წავსულიყავი ყველგან, სადაც კი შესაძლებლობა მექნებოდა. ახლაც ასე ვარ და უკვე მაქვს წლის გეგმა ჩამოწერილი ანუ ადგილები, რომლებიც აუცილებლად უნდა ვნახო. წლევანდელი სეზონის გახსნა რკონში ჩატარდება, რაც ასევე ძალიან მახარებს, რადგან რკონი სწორედ რომ ჩემი ზემოხსენებული სიის ნაწილია. საინტერესოა ისიც, რომ ეს არის ადგილი, სადაც ჩამსვლელებს დახვდებათ გამზადებული საფეხმავლო ბილიკი. დიდი სურვილი მაქვს, რომ ქართველებმა შევძლოთ დავტკბეთ იმით, რაც გაგვაჩნია და არ ვიყოთ ერთფეროვანი რუტინით მაცხოვრებელი ერი. როგორ შეიძლება ოცნებობდე პარიზზე, ნიუ-იორკზე, ნეპალსა ან ჰიმალაიზე და შენი მიწა-წყალი არ გქონდეს ნანახი. როდესაც ბევრი სიარულისაგან დაღლილი, ემოციებისგან დატვირთული მიაღწევ ბანაკამდე, გაშლი კარავს და კოცონთან გააზიარებ შენს ფიქრებს, გრძნობებს.. რა შეედრება ამ სიამოვნებას. მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის ინსტრუქტორებზე ხომ ლაპარაკი აღარ მაქვს. გამორიცხულია, მათთან ერთად ერთხელ მაინც მოხვდე მტირალაზე, რაჭაში, ბირთვისში ან ნებისმიერ სხვა ტერიტორიაზე და მეორედ გულმა აღარ გაგიწიოს ახალი ადგილების მოსანახულებლად.

მე ვთვლი, რომ სხვადასხვა ადგილებზე ბოდიალმა, როგორც ამას ჩემი “უცოდინარი” მეგობრები უწოდებენ , ცხოვრებისეულად იმაზე მეტად გამზარდა, ვიდრე ამას ჩვეულებრივი რამდენიმე წელი მოახერხებდა. პირველ რიგში, გავიაზრე რას ნიშნავს თავისუფლება და დამოუკიდებლობა, რას ნიშნავს, როდესაც საკუთარ საქციელებზე თავად ხარ პასუხისმგებელი. გარდა ამისა, მე მგონია, რომ წამებისგან მონიჭებული სიამოვნება და შეგრძნებები რჩება მხოლოდ ადამიანს, მე კი ასეთი უამრავი მომენტი დამიგროვდა ძალიან მცირე დროში. მოკლედ ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ვწერე, რომ გაგაცნოთ ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხისა და ლაშქრობის სეზონის გახსნის მიმართ, რადგან ეს არის ის, რაც მე გულწრფელად მიყვარს. ამასთან მადლობა მინდა გადავუხადო იმ პიროვნებას, რომელმაც ჩანერგა ჩემში საქართველოს, ბუნების, მოგზაურობის, ლაშქრობის სიყვარული. მან მასწავლა იმაზე მეტი ვიდრე ამას თავად წარმოიდგენს. მან დამანახა ის არამატერიალური მხარე, სადაც იმალება უდიდესი ბედნიერება. ვიმედოვნებ, რომ მეც შევძლებ, თუ ვერ შეგაყვარებთ ინტერესი მაინც გაგიჩინოთ, რადგან “If you never try, you’ll never know”.
თუკი ჩემი მიზანი ავასრულე და პატარა ნაპერწკალი მაინც გავაღვივე თქვენში შეგიძლიათ, გაიგოთ მეტი დაწვრილებითი ინფორმაცია აქ.