BC2

პასუხები, როგორც ასეთი..

ასეა, ასე.. ყოველთვის ვერ იქნება მზიანი დღე და ყოველთვის ვერ ვიქნებით პოზიტიური შეგრძნებების მწვერვალზე, ყოველთვის არც ენდორფინი გამოიყოფა და ხანდახან არც არაფერი გინდა ადამიანს. კი ასეა, სიჩუმე, მუსიკა და მარტოობა. არა! მარტოობა არავის უნდა, მაგრამ ზოგჯერ სხვა გზაც არაა. მათემატიკა თავისი თეორიებით თითქოსდა ზუსტი მეცნიერებაა, პრაქტიკულად კი საქმე სხვანაირადაა. 1+1 მუდმივად ორი არაა და შესაძლოა სამიც იყოს, ოთხიც და კიდევ რამდენიც გვინდა. არც ბუმერანგის პრინციპია მაინც და მაინც სწორი. ხომ არის შემთხვევა როდესაც ყველაფერს გასცემ, მთელ შენს არსებას უშვებ, ჩუქნი და უკან აუცილებლად გიბრუნდება, ოღონდ გიბრუნდება ცუდი, საპირისპიო. შედეგი იშვიათად ამართლებს მოლოდინებს, ამიტომ ლოგიკური იქნება, არაფერს ველოდეთ. დაე მოხდეს, რაც მოსახდენია.

– მერე რა თუ ვერ დამაფასეს, დამიკიდეს, სანაგვეზე მომისროლეს.. მე მე მაინც ვიქნები კარგად შენ ჯინაზე და მთელი სამყაროს ჯინაზე ვიქნები კარგად. დღეიდან თუ არა ხვალიდან მაინც. ჰო, ხვალ გათენდება, ამოვა მზე, სითბო, გაზაფხული და მე გავაკეთებ ამას, ამას და ამას. ამაში კი არ ვცდები, ვიცი. ყოველი წამი ჩემი ახალი შესაძლებლობაა და შენ? შენ იყავი კარგად. ორაზროვანი ნათქვამია ვიცი და როგორც გინდა ისე გაიგე, სხვანაირად არ ქინება მაინც. ყველა იმას ხედავს და იმას ისმენს, რაც უნდა ან აწყობს. ხოდა ძვირფასო იყავი კარგად.

მზეო ამოდი, ამოდი..

თვალებს ვახელ, მოდუნებული ქუთუთოები ნელ-ნელა უბრუნდება ცოცხალ მდგოამრეობას. დაბურული ფანჯრიდან ძლივს აღწევს სინათლის შუქი. ვამჩნევ გათენდა. გათენდა უმზეოდ. აი, იღბალიც ამას ქვია. ამინდმა შეიწირა ჩემი დღის გეგმებიც და ჩემი განწყობაც. წვიმს. წვეთები რახარუხით ეცემა მიწას, სახლს, ქუჩებს. გძინავს.. მე კი აღარ მინდა ძილი, არც გაღვიძება მინდა, არც გარეთ გასვლა და არაფერი მინდა საერთოდ. ვეშვები, ვიძირები სადღაც ქვემოთ, ოკეანის ფსკერზე.      ფსიქოზი.. ტირილი მინდა.. ვცდილობ დავუბრუნდე საღ აზროვენებას, მაგრამ ჩემში ბრძოლაა და მაინც ვდგები, შევდივარ აბაზანაში და თითქოსდა წყალს ვატან აზრებს, ფიქრებს…                წვიმს… მერე რა თუ შენ და სამყარომ პირი შეკარით. მერე რა თუ არაფერი არაა მწყობრში, ჩემი ჩათვლით. მე მაინც ვიქნები კარგად. ვიღებ ქოლგას, გავდივარ გარეთ და თითქოს პროტესტს ვუცხადებ არსებულსა თუ არარსებულს. არ გესმის ხო? ვიცი, ვერასოდეს გაიგებ ამას, ვერასოდეს იგრძნობ.. მივუყვები ქუჩას, ქოლგას ვებღაუჭები და იცი რა ხდება ? მეღიმება, ნელ-ნელა, აი უკვე სიცილიში გადამდის და გინდა ხარხარიც დაარქვი ამას. მეცინება საკუთარ წარუმატებლობაზე, მეცინება შენზე, მეცინება იმ უფსკრულზე, რომელიც ჩემს თეორიებსა და პრაქტიკას შორის გაწოლილა და დაუღია ხახა.

ფსიქოზი..

ალკოჰოლი დეპრესანტია

მხიარული გოგოს ნიღაბამოფარებული ვზივარ ბარში. ჯერ ხალხი ცოტაა, მაგრამ უკვე მოდის ნაცნობი და მაწვდის ლუდს. არ მიყვარს ლუდი, არ მიყვარს და მაინც რამდენიმე წვეთიღა დავტოვე პლასტმასის ერთჯერად ჭიქაში. გასაკვირია, მაგრამ ხანდახან სასიამოვნოა იმის გაკეთება, რაც არ გვიყვარს. ვხვდები, რომ ლუდი არაა საკმარისი. დღეს ბევრი უნდა დავლიო, უნდა გავითიშო, უნდა მოვწყდე სამყაროს და ჯანდაბაში წასულხარ შენც. ალკოჰოლი უჯდება ორგანიზმს, ყოველ წამს ვგრძნობ რაღაც ახალს და ტირილი მინდა. დილის ნებისყოფა აზრს კარგავს და ცრემლები თავისთავად წყდება თვალებს. მერე მოდის ერთი, მოდის მეორე, მესამე, თავს მეხვევა ყველა, მამშვიდებს, მაგრამ მაგათმა რა იციან.. ცრემლები არ წყდება ერთ დიდ ნაკადად იქცევა დ ბობოქრობს. სხეულის ყოველ ნაწილში ვგრძნობ არაარსებულ ტკივილს. ცრემლები თავისით ეშვებიან, ვეღარაფერს ვხედავ და ვეღარაფერი მესმის. მხოლოდ ერთი ვიცი. უნდა მოხვიდე, უნდა ჩამეხუტო, ამაწევინო თავი და მითხრა, რომ გავჩერდე. უნდა მოხვიდე, ამათმა რა იციან..

დათვური ძილის დროა

დილის ექვსი საათია, ლოგინში ვწევარ. არვიცი როგორ მოვედი აქამდე, არვიცი რამდენი ხანი ვტიროდი, არვიცი რამდენი ხანი ვიცინოდი, არვიცი რას ვლაპარაკობდი, არ ვიცი რას ვაკეთებდი, არვიცი როგორ აღმოვჩნდი ამ მდგომარეობაში, არვიცი რა დაგიშავე, არვიცი რითი დავიმსახურე.. არაფერი არვიცი.. ვიცი, რომ არ მოხვედი. ვიცი და არ მინდა ვიცოდე. არ მინდა მახსოვდეს რაიმე, არაფერი არ მინდა. ჩავიძირე, ნამდვილად ჩავიძირე, დათვური ძილის დროა. რთულია იყო ძლიერი, რთულია იარო წინ, რთულია იმოქმედო, რთულია შეცვალო რაიმე, როდესაც იმედი არ გაქვს, როდესაც სიხარული არ გაქვს.     შენ არ მოხვედი..

ფსიქოზი, სიმთვრალე და კიდევ რაღაც..

დანჯღრეულ “მარშუტკაში” ვზივარ. რამდენიმე წუთია გავცდი თბილისს. უკვე გამწვანებულა, გაზაფხულებულა. ის აქ არის, ვგრძნობ მის სითბოს, მის დადებით ემოციებს და მიხარია. მალე ისიც წავა, მაგრამ არაუშავს. მისი თითები ჩემს თმაში დაცურავს. ის შენ არ ხარ. ეს ახალი დღეა.. მზის კაშ-კაშა სხივები თვალს მჭრის, სიცოცხლის ენერგიით მავსებს, თვალები მეწვის და ცრემლები მომდის.. ეს ბედნიერი ცრემლებია..

შენ არ მოხვედი.. იყავი კარგად !